ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, მოსკოვს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ევროპა უკრაინის გვერდით დადგება. ახლა უკრაინა გადაწყვეტილებებს შეერთებული შტატებისგან ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს ევროპამ აჩვენა ზუსტად ისეთი ერთიანობა, რაც საჭიროა. 27 ქვეყანა ერთად. ევროკავშირის ინსტიტუტების სრული თანამშრომლობა. ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ევროპა გაუძლებს. მაგრამ ამავე დროს, ეს არის მკაფიო სიგნალი ატლანტიკის მიღმა, რომ ევროპა იღებს ვალდებულებებს, უსაფრთხოების ვალდებულებებს, მტკიცე ვალდებულებებს. ჩვენ ველოდებით ამერიკის გადაწყვეტილებებს," - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, უკრაინის დახმარების საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირაში გაიმართება. აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება და მის გამოქვეყნებას პარასკევს გეგმავს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.